ცესკოს თავმჯდომარის პოზიცია ვაკანტურია - კანონმდებლობის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის განკარგულება არაუგვიანეს 15 დღის ვადაში უნდა გამოსცეს. ამასთან, „საარჩევნო კოდექსის“ ახალი ნორმების მიხედვით, პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ორ კანდიდატურას წარუდგენს. თუკი პრეზიდენტი ვერ შეარჩევს კანდიდატებს, იგი ხელახალ კონკურსს აცხადებს. ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, მისი თქმით დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა. კუჭავა იმედს გამოთქვამს, რომ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესი ღია და ინკლუზიური იქნება და შეირჩევა კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს.