ახალი რეგლამენტით მინიჭებული ბერკეტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ამაში ძალიან დიდი როლი პირველ რიგში დეპუტატებს, პოლიტიკურ ჯგუფებს და ფრაქციებს გააჩნიათ, მათ უნდა ჰქონდეთ სურვილი არა ბოიკოტის, არამედ პარლამენტში მუშაობის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას რომლის თანახმად, პანდემიის დროს პარლამენტმა, „ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება მთავრობას მიანდო“.
კახა კუჭავას განცხადებით, პანდემიის დროს ბევრი რამ ვერ ხორციელდებოდა ისე როგორც უნდა განხორციელებულიყო და პარლამენტიც დიდი პერიოდის განმავლობაში დისტანციურ მუშაობაზე იყო გადასული.