თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას არც ანაკლიის პორტის მშენებლობასთან და არც მათ პოლიტიკაში მოსვლაზე გაკეთებულ განცხადებასთან კავშირი არ აქვს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, გამოძიება გაცილებით ადრე იყო დაწყებული, ვიდრე აღნიშნული პირები პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა. როგორც ხაზარაძე წერს, მისი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღდა, რაც იმას ემსახურება, რომ მოხდეს მათ მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის პორტის საბოლოოდ გაჩერება.