თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, მინისტრად ყოფნის პერიოდში მას განცდა ჰქონდა, რომ მიკერძოებული გარიგებების მსხვერპლი იყო, მისი ცუდი ქართულის ბრალია.
საკითხის შეფასებისას კალაძემ აღნიშნა, რომ ქობულიას ქართულად აზრის გადმოცემა უჭირს. რაც შეეხება ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მიერ გაკეთებულ მეორე განცხადებას, რომელიც ანაკლიის პორტს ეხებოდა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ვერ მიხვდა მისი განცხადების არსს.
ცნობისთვის, "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რაც უფრო პოლიტიზირებული ხდება ეს საკითხი, დაფინანსების მით უფრო დიდი შანსი აქვს ანაკლიის პორტს, რადგან მმართველ ძალას ისედაც აქვს პრობლემები 2020 წლის არჩევნებზე.