იაპონია ტექნოლოგიური ინოვაციებით ყოველთვის გამოირჩევა. ამჯერად დედაქალაქ ტოკიოში გაიხსნა კაფე, სადაც მიმტანებად რობოტები არიან დასაქმებულები. რობოტები დისტანციურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომლების მიერ იმართებიან. ამის შესახებ იაპონური მედია იტყობინება.
კაფეში 5 რობოტი მუშაობს, მათი სიმაღლე 1.2 მეტრია. კვების დაწესებულება ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს და ოფიციალურად 7 დეკემბერს გაიხსნება. სრული დატვირთვით კი რესტორანის ამოქმედებას 2020 წლისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისა და პარაოლიმპიური თამაშების დროს ვარაუდობენ.
კაფეში ვიზიტორი მხოლოდ რობოტებს შენიშნავს. ხელოვნურ ინტელექტს სახლიდან მართავენ კომპიუტერის საშუალებით შშმ პირები. კაფის შემქმნელები აცხადებენ, რომ მათ მიზანს სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასაქმება წარმოადგენდა. მათივე თქმით, მათ რობოტები შექმნეს არა იმიტომ რომ ადამიანური რესურსი შეემცირებინათ, არამედ იმისთვის, რომ ის ადამიანები დაესაქმებინათ, რომელთაც გადაადგილების პრობლემა აქვთ. რობოტები იღებენ შეკვეთებს და ემსახურებიან კლიენტებს, მათ დისტანციურად მართვაში კი შშმ პირები საათში 9 დოლარს იღებენ ანაზღაურების სახით.