თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას უკანონო შენახვის ფაქტზე ბრალდებულ გ.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გ.ტ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, როდესაც ის შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დააკავა.სამართალდამცველებმა გ.ტ. 2018 წლის 6 სექტემბერს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას და ეზოდან ამოღებული იქნა მის მიერ დათესილი და მოყვანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, თოთხმეტი ძირი - 3197,95 გრ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 574,19 გრ. გამომშრალი „მარიხუანა“. გ.ტ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.