ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან მცირე ინციდენტი მოხდა. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის მხარდამჭერების აქციას „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ჩაუარეს მანქანით, რასაც შარაშენიძის მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. მათ გზა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მანქანას გზა გადაუკეტეს, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა, თუმცა სამართალდამცველებმა მოწინააღმდეგე მხარეების დაპირისპირება მალევე განმუხტეს.კონსტანტინე შარაშენიძე აცხადებს, რომ 18 უბანზე ხმის დათვლის პროცედურა მიზანმიმართულად ჭიანურდება და არჩევნების გაყალბებას მაქსიმალურად ცდილობენ. მისივე თქმით, ბეგლარ სიორიძე ოზურგეთს არ სჭირდება, ხალხი მას მხარს არ უჭერს, თუმცა, მის გამარჯვებაში სხვადასხვა სტრუქტურები სხვადასხვა ფორმით აქტიურად არიან ჩართული.კონსტანტინე შარაშენიძის ინფორმაციით, საარჩევნო კომისიის შენობასთან დარჩებიან მანამ, ვიდრე ხმებს ობიექტურად არ დაითვლიან. იგი დარწმუნებულია, ოზურგეთის მერის არჩევნებში გამარჯვებულია. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი აცხადებს, რომ ოზურგეთის სოფლებში და ქალაქში, უბნების უმრავლესობაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.ამ დროისთვის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან სტაბილური ვითარებაა. ადგილი შეკრებილი არიან როგორც შარაშენიძის მხარდამჭერები, ისე სამართალდამცველები. უბნებზე კი პარალელურად მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები.