ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა განახლდა. მოვაჭრეებმა იქ განთავსებულ დახლებზე საკუთარი პროდუქცია დილიდან განალაგეს. მათი განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე მათ არახელსაყრელი წინადადება შესთავაზეს, რადგან ტერიტორია, სადაც გარევაჭრობის უფლებას მისცემენ, მოშორებით და ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც ტურისტებს გავლა არ უწევთ.
მოვაჭრეების თქმით, რამდენიმე დღით საქმიანობის შეჩერებამ ფინანსური პრობლემები შეუქმნათ, ამიტომ ვაჭრობის გაგრძელება გადაწყვიტეს. ჯვრის მონასტრის წინამძღვარი კი აცხადებს, რომ საპატრიარქოსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე გარემოვაჭრეებს დახლების ასალაგებლად სამდღიანი ვადა მისცეს, რომელიც შაბათს იწურება.
არქმინადრიტ კონსტანტინეს თქმით, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს, რის შემდეგაც, მოვაჭრეებს მიმდებარე ტერიტორიის დატოვებაც მოუწევთ.მონასტერში მომლოცველებს და ტურისტებს შესვლის შესაძლებლობა დღეს ჩვეულებრივად აქვთ, წინამძღვრის განცხადებით, ის მონასტრის დაკეტვას აღარ აპირებს და ელოდება, გარემოვაჭრეები კანონის მოთხოვნას როდის შეასრულებენ.