ჯო ბაიდენმა მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი დაასახელა. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მან ტონი ბლინკენი წარადგინა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. ამასთან, ჯო ბაიდენმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე წარადგინა. დაზვერვის სამსახურის უფროსად ბაიდენმა ავრილ ჰაინესი წარადგინა. ჰაინესს, რომელიც პირველი ქალი იქნება აღნიშნულ პოსტზე, წინა ადმინისტრაციის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ბაიდენმა ლინდა ტომას გრინფილდი, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს აფრიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო, გაერო-ში აშშ-ის ელჩად წარადგინა. წარდგენილი კანდიდატებიდან რამდენიმეს დასამტკიცებლად სენატის თანხმობაა საჭირო.