გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ყველაფერი არ შეიცვლება, მაგრამ ბევრი რამ გაუმჯობესდება, - ამ ინფორმაციას Reuters-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად აცხადებდა, რომ გერმანიამ ვერ მიაღწია, თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაეზარდა, რასაც ნატო-ს სტანდარტი ითვალისწინებს. მაასმა აღნიშნა, რომ მისი აზრით ამ საკითხზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის მსგავსად არ გაამახვილებს ყურადღებას. მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიიდან 12 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას აპირებს, რაც ქვეყანაში განლაგებული ამერიკული კონტიგენტის თითქმის მესამედია. ტრამპის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ გერმანიის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს არ შეადგენს, რაც ნატო-ს სტანდარტებითაა გათვალისწინებული.