“უამრავი დეზინფორმაცია არსებობს, მაგრამ არის ერთი ფაქტი, რომელიც თითოეულმა ამერიკელმა უნდა იცოდეს: ადამიანები, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არ არიან, კოვიდ 19-სგან ყოველ დღე შეიძლება დაიღუპონ. ეს თქვენი არჩევანია, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია”, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, მისი მიზანია, 4 ივლისისთვის 160 მილიონ ზრდასრულ ამერიკელს, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ს, ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა ჰქონდეს გაკეთებული.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ ვაქცინაცია ახალგაზრდებისთვისაც საჭიროა. მისი თქმით, მისი ადმინისტრაცია 12–დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაციას მაშინვე დაიწყებს, როგორც კი „საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო“ შესაბამის ავტორიზაციას გასცემს და ამ მიზნით, ვაქცინაციის პუნქტები ქვეყნის მასშტაბით 20 000-მდე აფთიაქში მოეწყობა.