აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მას სრულმასშტაბიანი ომი არ სურს.
"ჩემი ვარაუდით, ის უკრაინაში შევა,"- განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ეს მისთვის კატასტროფა იქნება, თუმცა ის, თუ რას მოიმოქმედებს დასავლეთი, დამოკიდებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების მასშტაბებზე.
„თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, თუ ისინი უკრაინაში შეიჭრებიან, კატასტროფა იქნება რუსეთისთვის, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებენ,“- აღნიშნა ბაიდენმა.
პრეზიდენტის აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით მოგვიანებით თეთრი სახლის პრესსპიკერმა განმარტება გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში მკაცრ პასუხს გამოიწვევს.