აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, თუკი კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია მოხდება, შეერთებული შტატები, შესაძლოა, 4 ივლისისთვის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს და ამ დღეს აშშ-ის დამოუკიდებლობასთან ერთად ვირუსისგან დამოუკიდებლობის დღეც აღნიშნონ.
ბაიდენი პანდემიის გამოცხადების წლისთავთან დაკავშირებით მოსახლეობის წინაშე სპეციალური მიმართვით წარდგა. პრეზიდენტის განმარტებით, ის შტატებს დაავალებს, ვაქცინაციის საშუალება 1 მაისამდე ყველა ზრდასრულ ადამიანს ჰქონდეს.
„ამერიკელებო, მე თქვენ მჭირდებით. მჭირდება, რომ ყველა ამერიკელმა თავისი წვლილი შეიტანოს, მჭირდება, გაიკეთოთ ვაქცინა, როდესაც თქვენი რიგი მოვა,“- განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, ჯო ბაიდენმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს, რომლის მოცულობა 1.9 ტრილიონი აშშ დოლარია.