აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანას 1-ელი მაისიდან დაიწყებს.
“მე ახლა შეერთებული შტატების მეოთხე პრეზიდენტი ვარ, რომელიც ავღანეთში ამერიკული ჯარის ყოფნას ხელმძღვანელობს. მე ამ პასუხისმგებლობას მეხუთე პრეზიდენტს არ გადავცემ. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციის შემდეგ, მე მივედი დასკვნამდე, რომ დროა დასრულდეს ამერიკის ყველაზე გრძელი ომი. დროა ამერიკელი სამხედროები დაბრუნდნენ სახლში“, - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.
მან დაჯგუფება „თალიბანი“ გააფრთხილა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ამერიკა, პარტნიორებთან ერთად თავს დაიცავს მათ ხელთ არსებული ყველა იარაღით.
„ჩვენ თალიბანს მოვთხოვთ დაიცვას ვალდებულება, რომ არ დაუშვას ავღანეთის მიწიდან რომელიმე ტერორისტი დაემუქროს აშშ-ს ან მის მოკავშირეებს. ეს ვალდებულება ასევე ჩვენს წინაშე აიღო ავღანეთის მთავრობამაც“, - აღნიშნა ბაიდენმა.