აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა და მის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულმა კამილა ჰარისმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პირველი ერთობლივი ღონისძიება გამართეს და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკეს. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიასთან, კლიმატის ცვლილებებსა და უმუშევრობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან არასათანადოდ გამკლავებაში დაადანაშაულა და რასისტული რიტორიკის გამო გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, საზოგადოების გაყოფას იწვევს. „ის არჩევანი, რასაც ნოემბერში გავაკეთებთ დიდხანს, ძალიან დიდხანს განსაზღვრავს ამერიკის მომავალს,“- აღნიშნა ბაიდენმა. კამალა ჰარისმა კი განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამასა და ჯო ბაიდენისგან მემკვიდრეობით ამერიკის ისტორიაში ყველაზე მზარდი ეკონომიკა მიიღო, თუმცა, საბოლოოდ ქვეყანა „ჩამოკონკილი“ დატოვა. „მან ამერიკის ეკონომიკა მიწაზე დაანარცხა. აი, რა ხდება, როდესაც ვირჩევთ ადამიანს, რომელიც თანამდებობისთვის შეუფერებელია - ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მისი რეპუტაცია მსოფლიოში, ჩამოკონკილი რჩება,“- განაცხადა კამილა ჰარისმა.