დაივიწყეთ არქიტექტურის შთამბეჭდავი ძეგლები და მუზეუმებში დამღლელი სიარული. სან ფრანცისკოში, ან უბრალოდ ფრისკოში დღეები უმჯობესია იმავე სახელწოდების ყურეზე მზის ქვეშ გაატაროთ და ზღვის უხვი ნობათებით დატკბეთ. მისი 43 ბორცვით და მოსახლეობით, რომელიც გენიოსი გამომგონებლებისგან, არაორდინალური ან უბრალოდ უცნაური ადამიანებისგან შედგება, ეს ქალაქი ჯიუტად უარს ამბობს, ჩამოეშვას ციდან მიწაზე.
სან ფრანცისკოს უჩვეულობა პიკს აღწევს: რესტორნები სადაც მაესტრო მზარეულები თავიანთ გამომგონებლურ ნიჭს ავლენენ, მოხეტიალე პოეტები, რომლებიც არცერთ გაურითმავ სიტყვას არ წარმოსთქვამენ, ხის ტოტებზე შემოსკუპებული ფერადი თუთიყუშები. მოკლედ, გიჟური სან ფრანცისკო სუსტი ნერვების პატრონებისთვის არ არის, მაგრამ ის ნამდვილად ღირს დახარჯულ ფულად, ნერვებად და ფოტოაპარატის მეგაბაიტებად.
წარმოუდგენელი, თავზეხელაღებული მხიარულების ატმოსფერო - აი, რატომ სტუმრობენ ამ ქალაქს. თუმცა, არასწორი იქნებოდა მტკიცება, რომ სან ფრანცისკოში სანახავი სხვა არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ ფრისკო შორსაა ამერიკული საექსკურსიო მონსტრებისგან, როგორებიცაა ნიუ იორკი ან ლოს ანჟელესი, ნამდვილი მოგზაური აუცილებლად იპოვის, რითი გაერთოს ბარებისა და ღამის კლუბების მიღმა.
სან ფრანცისკოში საექსკურსიო ინფრასტრუქტურა მშვენივრადაა მოწყობილი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები ყველა ღირსშესანიშნაობასთან ახლოსაა. ასე რომ, ქალაქის ბორცვებზე არც თუ ისე მოხერხებული განლაგებისა და შორი მანძილების მიუხედავად, მუზეუმებისა და ცნობილი ადგილების დათვალიერება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.