ნატო-ს გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს მიმართ. ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში მომდევნო წელს, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.მამუკა ბახტაძემ და ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ქვეყნის მდგრადი რეფორმების კურსი განიხილეს.ასევე, საუბრის მთავარი თემა იყო საქართველო-ნატოს ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი და მდგრადი რეფორმები, რომელიც საქართველოში ხორციელდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2018 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებში და თვალსაჩინოა ამ მიმართულებით ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი.