მამა გიორგი მამალაძისგან ჩვენებას პროკურორები უკვე რამდენიმე საათია იღებენ. მატროსოვის ციხეში შესვლამდე ჯარჯი წიკლაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დეკანოზს ჩვენების მიცემა რამდენჯერმე სთხოვეს, თუმცა მისგან უარი მიიღეს. მისივე თქმით ბრალდებულის გამოკითხვა ადვოკატებსაც შეეძლოთ. პროკურორი ამბობს, რომ დაცვის მხარის განცხადებები, რომ თითქოსდა პროკურატურა აჭიანურებს გამოძიებას, მიზანმიმართული სპეკულაციაა. ამასთან, დაკავებული დეკანოზის, ადვოკატი აცხადებს რომ თუ პროკურატურა მამალაძის მიერ წარდგენილ მტკიცებულებეებს ობიექტურად შეაფასებს, ბრალდების ვერსია შესაძლოა შეიცვალოს და გამოძიება სხვა მიმართულებით წარიმართოს. დაცვის მხარის მტკიცებით, სიმართლე პროკურატურის ვერსიისგან რადიკალურად განსხვავდება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამას უკავშირდებოდეს დაკითხვის გაჭიანურება, რაც დამატებით კითხვებს აჩენს.