ის, რაც კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ ვიცით, არის, რომ სხვადასხვა სახის მუტაციას განიცდის და შეშფოთებას იწვევს, რადგან როდესაც ამდენი მუტაციაა, ამან შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს ვირუსის შემდგომ ქცევაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვემ კორონავირუსის ახალ, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ ვარიანტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მეცნიერები ერთად შეიკრიბნენ იმისთვის, რომ გაარკვიონ, სად არის ეს მუტაციები და რას შეიძლება ნიშნავდეს პოტენციურად არსებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებისთვის, ვაქცინებისთვის. მისი თქმით, რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით მეტი შანსია, მან ცვლილება განიცადოს.
ცნობისათვის, სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი, B.1.1.529 ვარიანტი აღმოაჩინეს. არსებული ვითარების შესაფასებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები დღეს სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.