ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად ახალი სამუშაო ჯგუფი შექმნა. ორგანიზაციის თქმით, სამუშაო ჯგუფი შეიძლება იყოს ბოლო შანსი კოვიდ 19- ის წარმოშობის დასადგენად.
„ეს არის ჩვენი საუკეთესო შანსი და შესაძლოა, ჩვენი უკანასკნელი შანსიც იყოს, დავადგინოთ ამ ვირუსის წარმოშობა,“- განაცხადა ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაინმა.
ჯგუფი გამოიკვლევს, გადავიდა თუ არა ვირუსი ცხოველებიდან ადამიანებზე ვუჰანის ბაზრებზე თუ მან ლაბორატორიულ ინციდენტის შედეგად გაჟონა. ჩინეთი მეორე ვერსიას კატეგორიულად უარყოფს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჯგუფი, რომელსაც კორონავირუსის წარმოშობის გამოკვლევა ჰქონდა დავალებული, მიმდინარე წლის თებერვალში ჩინეთში ჩავიდა და გარკვეული დროის შემდეგ განაცხადა, რომ ვირუსი, სავარაუდოდ, ღამურებიდან გაჩნდა, თუმცა ამ საკითხზე მეტი მუშაობა იყო საჭირო.