ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში არსებული ყველა კლასტერი კონტროლდება. მისივე ინფორმაციით, ვირუსის პიკი ძირითადად გამოვლენიდან მეშვიდე ან მერვე კვირას დგება, თუმცა სწორი მოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა, შემთხვევების მატებამ პიკს არც მიაღწიოს და გამოვლენა ეტაპობრივად მოხდეს.
გაბუნიამ ასევე ისაუბრა კოვიდ 19-ის ტესტებზე. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ნაჩუქარი ტესტები ჩინეთიდან საქართველოში ხვალ ჩამოვა. კითხვაზე, რამდენად მოახერხებს ჩვეულებრივი მოქალაქე ამ ტესტის გამოყენებას და მას უაცილებელია თუ არა ჰქონდეს ექიმის დანიშნულება, თამარ გაბუნია პასუხობს, რომ მოქალაქეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ექიმის დანიშნულება.