ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა.
პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ამასთან, ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო და დარბაზში ყოველ 6 მ2 ფართობზე ერთი ადამიანის დაშვებაა ნებადართული. დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა. თითოეული ვიზიტორისთვის განკუთვნილი უნდა იყოს კარადა, ერთის გამოტოვებით. იკრძალება ბართან საკვებისა და სასმელის მიღება.
რაც შეეხება იოგას, პილატესს და სხვა ჯგუფურ ვარჯიშებს, დარბაზში აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და ვარჯიშზე ერთდროულად 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება.