ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსი სახელწოდებით COVID-19 უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპი, თუმცა მისი შეჩერება შესაძლებელია.
"რომ შევაჯამოთ, COVID-19 უფრო ნაკლებად ეფექტურად ვრცელდება, ვიდრე გრიპი. ის იწვევს უფრო მწვავე ავადობას, ვიდრე გრიპი და მის წინააღმდეგ ჯერ არ გვაქვს არც რაიმე ვაქცინა და არც თერაპია, თუმცა მისი შეჩერება შესაძლებელია", - აცხადებს გაბრეიესუსი.
შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 202-მდე გაიზარდა. ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაშია დაფიქსირებული, სადაც ვირუსით 5 300 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 32-ია. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა იტალიაშია დადასტურებული. ქვეყანაში ვირუსს 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 77 ადამიანია დაღუპული ირანში, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 2 300-ია.