უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის გაფართოების გეგმა წარადგინა. გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება, რათა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი ტემპით წარიმართოს.
აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, ქვეყანა უახლოეს მომავალში ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს, რაც ვაქცინაციის პროცესის უწყვეტად წარმართვას უზრუნველყოფს.
საბჭომ ყურადღება გაამახვილა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების კუთხით არსებულ ტენდენციაზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობას, რათა საჭირო არ გახდეს მკაცრი შეზღუდვების დაწესება.