ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებს. დავით სერგეენკოს განცხადებით, ამისთვის ოქტომბერი ყველაზე კარგი პერიოდია. ვაქცინა უფასოა ხანდაზმულებისთვის, ორსულებისთვის, 18-წლამდე დიაბეტით დაავადებულებისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალისთვის. ასევე დიალიზზე მყოფი პირებისთვის, „ცე“ ჰეპატიტით დაავადებულებისა და აივ-ინფიცირებულებისთვის. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც რისკჯგუფში არ შედიან, მინისტრის თქმით მათთვის გამოცხადდება ერთი დღე, როდესაც ვაქცინა მათთვისაც უფასო იქნება. მედიკოსების განცხადებით, გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჭიროა ყოველწლიურად. გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დგება.