საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა ექიმს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება მიულოცა.
ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის და პირადად მისთვის, როგორც ექიმისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ, სხვადასხვა უწყების ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართა, რათა ეს დადებითი შედეგი დამდგარიყო.
ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო ის ერთიანობა და მხარდაჭერა, რაც მის პატიმრობას მოჰყვა. შეხვედრის შესახებ მედია ინფორმირებული არ ყოფილა. ინფორმაცია სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.