ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებული ორი ახალგაზრდის საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით ჯანდარის ტბაზე დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქის საძიებო სამუშაოების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებს.
აღნიშნული სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, მიმდინარეობს ფსკერის დეტალური შემოწმება და საეჭვო დეტალის აღმოჩენის შემთხვევაში, პროცესში მყვინთავები ერთვებიან. სამაშველო ოპერაციაში, ასევე, ჩართულია სამაშველო დრონი და შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი. სამსახურის ხელმძღვანელი ადგილზე, პირადად ხელმძღვანელობს სამაშველო ოპერაციას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 2 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შევიდა.