2022 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 პროცენტით განისაზღვრა.
„საქსტატის“ მონაცემებითვე, ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.4 პროცენტით, საცხოვრებელის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში კი დაფიქსირდა ფასების 13 პროცენტიანი მატება.