2018 წლის ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 86 ათას 900 ტონა შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელთან შედარებით 13 ათას 200 ტონით ნაკლები, გასული წლის ივნისთან შედარებით კი ათას 900 ტონით მეტია. კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ბენზინის საწვავის იმპორტმა 48 ათას 100 ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 38 ათას 800 ტონა შეადგინა.
წინა თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 21 ათას 100 ტონა თურქმენეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 24,3%-ს შეადგენს; შემდეგ მოდიან რუმინეთი და ბულგარეთი შესაბამისად, 19 ათას 200 და 17 ათას 900 ტონით; მე-4 პოზიციას იკავებს რუსეთი - საიდანაც 16 ათას 600 ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა, მე-5 და მე-6 ადგილს კი აზერბაიჯანი და საბერძნეთი, შესაბამისად, 6 ათას 300 და 5 ათას 800 ტონით ინაწილებენ.
რაც შეეხება 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებს, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტმა 516 ათას 800 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 60 ათასი ტონით აღემატება.