შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა ივნისის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში, გასული წლის ივნისთან შედარებით, რუსეთ-საქართველოს შორის გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა.
კერძოდ, სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, კვეთების რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების პირველ ექვსეულში სწორედ რუსეთი ლიდერობს. გადაადგლებულ ვიზიტორთა რიცხვი 2019 წლის ივნისში - 212 ათას 981 იყო; მაშინ როცა წინა წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი - 172 ათას 72-ს შეადგენდა.
ქვეყნების ექვსეულში რუსეთს მოსდევს აზერბაიჯანი, სადაც გადაადგილებულ ვიზიტორთა რიცხვი 13%-ით არის გაზრდილი, მესამე ადგილს კი თურქეთი იკავებს, სადაც წლიურად 38%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ჩამონათვალში ხვდებიან ასევე: სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, უკრაინა და ისრაელი.