ლარი მხოლოდ ერთ დღეში, 18 სექტემბერს, დოლართან მიმართებით 2 თეთრით, ხოლო ევროსთან - 4 თეთრით გაუფასურდა. ჯამში, 4 სექტემბრიდან დღემდე ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით, 13 თეთრით, ხოლო ევროსთან - 16 თეთრით არის გაუფასურებული. შესაბამისად, იმ მოქალაქეებს, რომელთაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული, კრედიტი გაუძვირდათ.
ეროვნული ბანკის 2020 წლის ივლისის მონაცემებით, ამერიკული დოლარით გაცემული სესხების ხელშეკრულებათა ოდენობა - 38 ათას 351; ხოლო ევროთი - 8 ათას 236 იყო. რაც შეეხება სესხის მოცულობას, დოლარით გაცემულია 151 მილიონ 739 ათასი; ხოლო ევროთი - 124 მილიონ 620 ათასი.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად დოლარის ღირებულებამ 3 ლარი და 21 თეთრი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3 ლარი და 80 თეთრია.