საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს, წარუდგენენ. დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს.
არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
როგორც "პალიტანიუსს" დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს, თუმცა თანხის ოდენობასთან დაკავშირებით ჯერ არ საუბრობს.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ნატალია ილიჩოვას, მას ამ დრომდე ადვოკატი არ ჰყავს, შესაბამისად, მისი პოზიცია ჯერ უცნობია.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.