საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. სასამართლო პროცესს ბრალდებულებიც დაესწრებიან.
შეგახსენებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა საქართველოს პროკურატურამ დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.