ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარმა „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ სახელმწიფო ბიუეტიდან სუბსიდიის სახით 2020 წელს 3 მილიონ 518 ათასი ლარი მიიღო. ამის შესახებ ფისკალური რისკების შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
კერძოდ, ინფორმაცია მოიცავს 2019-2020 წლებში სახელმწიფო საწარმოებზე გაცემულ სუბსიდიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა ამ მიზნით 2020 წელს ბიუჯეტიდან - 67 მილიონ 180 ათასი ლარი; ხოლო 2019 წელს - 82 მილიონ 868 ათასი ლარია გამოყოფილი.
„ბლექ სი არენას“ გარდა 2020 წელს სუბსიდია კიდევ 5 საწარმომ მიიღო. კერძოდ, ესენია: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია; ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი ანასეული; საქართველოს მელიორაცია; საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
რაც შეეხება „ბლექსის“, შეგახსენებთ, რომ შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ ოზურგეთის რაიონის, სოფელ ნატანებში (შეკვეთილი), 2016 წლის 15 ივლისს დაფუძნდა. ცნობისთვის, დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა დაახლოებით, 115 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, 2016 წლის 10 ივლისს არენა ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში „ბლექ სი არენა“ მთავრობის გადაწყვეტილებით, მართვის უფლებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.