"ბლუმბერგის" მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 6 მარტის მონაცემებით 5 მილიარდ 200 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, მაშინ როცა გასული წლის იმავე დღეს ის 5 მილიარდ 770 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამ დროისთვის ივანიშვილი რეიტინგში 323-ე ადგილზეა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ინდექსი მუდმივად ცვალებადია იმის მიხედვით, თუ რა ფასი აქვთ კონკრეტულ მომენტში მილიარდერების აქტივებს მსოფლიოს სხვადასხვა ბირჟებზე. რაც შეეხება ზოგადად რეიტინგს, ლიდერ პოზიციაზეა - „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 140 მილიარდ 100 მილიონი დოლარით, მეორე ადგილზეა „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი - 98 მილიარდ 300 მილიონით, მესამეზე კი პირველად აღმოჩნდა ბერნარ არნო „ლუი ვიუტონიდან“ 83 მილიარდ 100 მილიონი დოლარით. არნომ პირველად გაუსწრო უორენ ბაფეტს, რომელმაც 83 მილიარდით მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. ხუთეულს კი „ზარას“ დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა ასრულებს 67 მილიარდ 900 მილიონი დოლარით.
ცნობისთვის, მილიარდერების 2019 წლის რეიტინგი რამდენიმე დღის წინ „ფორბსმაც“ გამოაქვეყნა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ქონება 4 მილიარდ 900 მილიონად არის შეფასებული.