იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი თემა ეკა ბესელიასა და პარლამენტის სხვა დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტია, რაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადებას გულისხმობს. კერძოდ, ინიციატივის მიხედვით, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროეპქტთან დაკავშირებით მკვეთრად კრიტიკული პოზიცია დააფიქსირეს საბჭოს მოსამართლე წევრებმა. მათი განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი სასამართლოს ფუნქციონირებას შეუშლის ხელს. ამ საკითხის გარდა, საბჭო სულ ხუთ საკითხზე მსჯელობს. მათ შორის არის ის საკითხები, რომლის განხილვაც საბჭომ ბოლო სხდომაზე ვერ მოასწრო.