იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. გასაუბრება თამარ ბურჯანაძესთან, მერაბ გაბინაშვილთან და მირანდა ერემაძესთან მიმდინარეობს.
როგორც საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი აცხადებს, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ამ პროცესში გარკვეული პოლიტიკოსების დავალებებს ასრულებენ.
მეთოფიშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა ანა დოლიძეც და მას იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი უწოდა. ამასთან, საბჭოს არამოსამართლე წევრი აცხადებს, რომ როდესაც ის და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამარლეობის კანდიდატებს გასაუბრების პროცესში კითხვებს უსვამენ, მათ მოსამართლე წევრები ხელს უშლიან.
შეგახსენებთ, რომ გასაუბრების ეტაპის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრის მეშვეობით 50 კანდიდატიდან პარლამენტისთვის წარსადგენ მოსამართლეობის 20 კანდიდატს შეარჩევს.