იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გაგრძელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას განაახლებს. დღეს საბჭოს წევრები კიდევ სამ კანდიდატს გაესაუბრებიან.
საბჭოს წინაშე გასაუბრებას პირველი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე და საბჭოს წინა შემადგენლობის წევრი ლევან თევზაძე გაივლის. ლევან თევზაძის შემდეგ საბჭოს წევრთა კითხვებს თბილისს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ილონა თოდუა უპასუხებს. მესამე კანდიდატი კი, რომელსაც საბჭოს წევრები დღეს მოუსმენენ, უჩა თოდუაა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.
საბჭომ გუშინ გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს მოუსმინა, რომლისგანაც საბჭოს წევრები ადეიშვილთან ურთიერთობითაც დაინტერესდნენ.