პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სახალხო დამცველის შეფასებებს ისმენს. ნინო ლომჯარია ამ თემაზე მოხსენებით პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა. ლომჯარიამ უმრავლესობას მიმართა, ინიცირებულ კანონპროექტს ფარული კენჭისყრის ნაწილში გადახედოს. სწორედ ამ კონტექსტში სახალხო დამცველმა პარლამენტს პროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნება შესთავაზა. სახალხო დამცველი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტების შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით ყველა მოსამართლისთვის სამუშაო გარემოს შექმნა ვერ მოხერხდება, ამიტომ სასამართლოს ეტაპობრივი ფორმირებაა საჭირო. მისივე თქმით, იუსტიციის საბჭოს მიმართ ნდობა არ არსებობს. სახალხო დამცველმა იუსტიციის საბჭოს მიმართ არსებული უნდობლობის მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საბჭოს წევრების დამოკიდებულება ბევრ ეჭვს ბადებს.“