პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. დღესვე კანონპროექტს პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა განმწესების პროცედურის მსგავსად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს.
გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება.