პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ. სხდომაზე კანდიდატებს ანბანური თანმიმდევრობით მოუსმენენ. ბიძინა სტურუას შემდეგ გასაუბრების პროცესი, 16:00 საათზე, ლაშა ქოჩიაშვილთან დაიწყება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრებს ბიძინა სტურუას ბიოგრაფიას აცნობს, ასევე კანდიდატს მიეცემა 5 წუთი იმისათვის, რომ კომიტეტს მიმართოს. ამის შემდეგ კი, კომიტეტზე სტურუას კითხვებით მიმართავენ. ასეთივე პროცედურაა გათვალისწინებული მეორე კანდიდატის შემთხვევაშიც.
გასაუბრების პროცესს ესწრებიან უმრავლესობის დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული სამსახურისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები. პროცესს ასევე მონიტორინგს უწევს ეუთო/ოდირი.
რაც შეეხება ოპოზიციას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას ესწრებიან პარტიების: "მოქალაქეები", "სოციალ-დემოკრატები" და "საქართველოსთვის" წარმომადგენლები. საპარლამენტო სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა პროცესში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვეს.