რა არის ჩვენი ცხოვრების საზომი, როგორ ვითვლით და ვხვდებით რამდენი წლისები ვართ? როდის მოხდა რომელიღაც ისტორიული ფაქტი, ან როგორ უნდა დავგეგმოთ მნიშვნელოვანი ამბავი მომავალში? საუკუნეების განმავლობაში ადამიანი ცდილობს მოძებნოს დროის საზომი ოპტიმალური ერთეული და სისტემა - კალენდარი, რომელსაც არ აქვს ხარვეზები და გამოდგება ნებისმიერი ადამიანისათვის დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.
სანამ ვრცლად მოგიყვებით კვირის დღეების, თვეებისა და წლების დაანგარიშების დღეისთვის არსებული ვერსიის ავ-კარგიანობაზე უნდა აღვნიშნოთ, რომ კალენდარი ეფუძნება ასტრონომიას და მნიშვნელოვნად ითვალისწინებს რელიგიურ კანონებს.
პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა რელიგიამ დააკანონა საკუთარი წლიური გამოთვლა, სადაც ათვლის წერტილად მისთვის მნიშვნელოვანი თარიღი დაასახელა. მაგალითად ებრაული კალენდრის მიხედვით ახლა სამყაროს შექმნიდან 5781 წელია, ისლამური სამყარო 1442 წელში ცხოვრობს. ბუდისტების წელიწადი ბუდას ნირვანაში წასვლის თარიღს ემთხვევა. მსოფლიოში ბევრნაირი კალენდარია, მაგრამ ყველა მათგანი სამ ძირითად ტიპად შეგვიძლია გავყოთ: მზის, მთვარის და ლუნისოლარული - ეს უკანასკნელი მზისა და მთვარის ფაზებს თანაბრად იყენებენ დღეთა აღრიცხვის სისტემაში.