მოდის ინდუსტრიაში ცნობილი იტალიური ბრენდის - Tod’s-ის მფლობელი დიეგო დელა ვალე რომის კოლიზეუმის რესტავრაციისთვის 25 მილიონ ევროს ხარჯავს. კოლიზეუმის რესტავრაცია ასწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს.
იანვარში კოლიზეუმის დირექტორმა განაცხადა, რომ ძეგლის ადმინისტრაცია ეძებს ინჟინერთა და დიზაინერთა ჯგუფს, რომელიც კოლიზეუმში მოძრავ არენას ან სცენას ააგებდა.
მოძრავი სცენის მოწყობა კოლიზეუმის რესტავრაციის პროექტის ნაწილია. იტალიის მთავრობამ გიგანტური ამფითეატრის მიწისქვეშა ნაგებობებისთვის მაქსიმალურად მიახლოებული პირვანდელი სახის დაბრუნების მიზნით 10 მილიონი ევრო გამოყო. იტალიის კულტურის სამინისტროს ეს ინიციატივა განპრობებულია იმით, რომ ტურისტები არენის ცენტრიდან კოლიზეუმის დათვალიერებითაც მოიხიბლონ. გარდა ამისა, ძეგლის მომავალ სცენაზე როკ-კონცერტების ჩატარებასაც გეგმავენ. იდეის ავტორები, ასევე, გეგმავენ აღადგინონ ლიფტის სისტემები, რომლებსაც ძველი რომაელები სცენაზე გლადიატორებისა და ცხოველების ამოსაყვანად იყენებდნენ.
თუმცა, რესტავრაციის იდეას კონსერვატორების სახით მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, ლოზუნგით - „მოეშვით კოლიზეუმს“. მათ არ სურთ, რომ მოძრავმა სცენამ უძველესი მიწისქვეშა კონსტრუქციების ნანგრევები დაფაროს.