იტალიის პარლამენტის ზედა პალატაში მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხსა და პროცესის დაწყების თარიღს განიხილავენ. აღნიშნული პროცესები იტალიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინმა განაცხადა, რომ მისი პარტია „ჩრდილოეთის ლიგა“ მმართველი გუნდის კოალიციას ტოვებს.
აღსანიშნავია, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სალვინის პარტიის „ჩრდილოეთის ლიგა“ რეიტინგი გაზრდილია და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში მას მემარჯვენე კოალიციის შექმნის შანსი მიეცემა. ამჟამად კი, ისინი იტალიის პარლამენტში „ხუთი ვარკვლავის მოძრაობასთან“ ერთად კოალიციაში არიან.
ამასთანავე, ქვეყნის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ საპარლამენტო კრიზისის გამო შეშფოთება გამოხატა, რადგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყნის ბიუჯეტის შესახებ კანონის დროულად მიღება ვერ მოესწროს, რასაც ბრიუსელში 15 ოქტომბრისთვის ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ სალვინის მიერ მემარჯვენე მთავრობის შექმნამ შეიძლება, იტალიის ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს.