იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დიქტატორი უწოდა.
„აბსოლუტურად არ ვეთანხმები ერდოღანის ქცევას პრეზიდენტ ფონ დერ ლეიენის მიმართ. ვფიქრობ, ეს არ იყო შესაფერისი საქციელი და ძალიან ვწუხვარ დამცირებისთვის, რაც ფონ დერ ლეიენმა განიცადა. მოდით ვუწოდოთ მათ რაც არიან - დიქტატორები”, - განაცხადა დრაგიმ.
ურსულა ფონ დერ ლეიენს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის რამდენიმე დღის წინ შეხვედრა შედგა. მოლაპარაკებების დაწყებამდე, დარბაზში შესული მიშელი და ერდოღანი მათთვის წინასწარ გამზადებულ სავარძლებში ჩასხდნენ, სავარძლის გარეშე დარჩენილი ფონ დერ ლეიენი კი შეცბა და დივანზე ჩამოჯდა. მარიო დრაგის კომენტარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი გმობდნენ არჩეული პრეზიდენტის მიმართ ნათქვამ მიუღებელ კომენტარს. მედიის ინფორმაციით, ანკარაში იტალიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.