იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ და მისმა მეუღლემ მარია სერელა კაპელომ „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს. პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, 73 წლის პრემიერსა და მის მეუღლეს, რომელიც ასევე 73 წლისაა, ვაქცინაცია რომის მთავარ სარკინიგზო სადგურზე გახსნილ ვაქცინაციის ცენტრში ჩაუტარდათ.
აღსანიშნავია, რომ იტალია ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც მიმდინარე თვის დასაწყისში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს. თუმცა იტალიამ, სხვა ქვეყნებთან ერთად, ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ განაახლა, რაც ევროპის მედიკამენტების სააგენტომ განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ სარგებელი მის რისკს აჭარბებს.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 60 მილიონს შეადგენს, 3 მილიონზე მეტ ადამიანს ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული. ქვეყანაში ერთ დღეში, ვაქცინის დაახლოებით 250 000 დოზის გამოყენება ხდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აპრილში ეს რაოდენობა გაორმაგდება.