იტალიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება გემ "ოუფენ არმსზე" მყოფთაგან მხოლოდ არასრულწლოვან მიგრანტებს მისცეს. 2 კვირის წინ ესპანურმა ჰუმანიტარული ორგანიზაციის კუთვნილმა გემმა "ოუფენ არმსმა" 100-ზე მეტი მიგრანტი ხმელთაშუა ზღვაში გადაარჩინა. მას შემდეგ იტალიის ხელისუფლებასთან მიგრანტების ხმელეთზე გადასხმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი მიგრანტების მიღების წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ კი ის 27 არასრულწლოვანი მიგრანტის მიღებას დათანხმდა. არასრულწლოვნები იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე გაძლიერებული დაცვით ჩაიყვანეს.
გემის კაპიტანმა განაცხადა, რომ მიგრანტები გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებიან და მათი დახმარების გარეშე ზღვაში დაღუპვა ელოდათ.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ყოველწლიუად ათასობით მიგრანტი ცდილობს მხელთაშუა ზღვის გადაკვეთით ევროპის ქვეყნებში მოხვედრას. ისინი გადაადგილებისათვის გასაბერ ნავებს იყენებენ, რომლებიც ხშირად ზიანდება და მიგრანტები ზღვაში იღუპებიან.