იტალიაში კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული ახალი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.
საპროტესტო მსვლელობების დროს ქვეყნის ორ ქალაქში, მილანსა და ტურინში, ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა. ტურინში მომიტინგეების ნაწილმა რამდენიმე მაღაზია დაარბია, ქუჩებში კი პიროტექნიკა ააფეთქა და სხვადასხვა ნივთებს ცეცხლი წაუკიდა.
Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა ქალაქ მილანში გამართულ საპროტესტო აქციაზეც. შეგახსენებთ, იტალიის მთავრობამ კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო შეზღუდვები გაამკაცრა.
ქვეყანაში ბარები და რესტორნები საღამოს 6 საათზე იკეტება, ამასთან, ვირუსის მეორე ტალღის შეჩერების მიზნით, დროებით დაიხურა სპორტდარბაზები, კინოთეატრები და საცურაო აუზები. შეზღუდვები ძალაში გუშინ შევიდა.