ისტორია და რეგიონის ხალხების სინდისი არაბთა გაერთიანებული საამიროების ორპირ საქციელს არასდროს დაივიწყებს, რომელმაც საკუთარი ვიწრო ინტერესებისთვის პალესტინის საქმეს უღალატა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ანკარა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. „უკიდურესად შემაშფოთებელია ის, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები, ცალმხრივი მოქმედებით, ცდილობს თავი დაღწიოს არაბული ლიგის მიერ შემუშავებულ არაბთა სამშვიდობო გეგმას,“- აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-ის დახმარებით, ურთიერთობების სრული ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ სამ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების ტექსტიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ისტორიული დიპლომატიური მიღწევა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობას შეუწყობს ხელს.