ისრაელში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია საშუალებები ავრცელებენ. ხმის მიცემის უფლება კი დაახლოებით 6 მილიონ ამომრჩეველს აქვს.
საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი მეტოქე ისრაელის გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენი განცია, ვინაიდან მისი ცენტრისტული პარტია „ლურჯი და თეთრი“, გამოკითხვის შედგების თანახმად, მმართველი პარტიის- „ლიკუდის“ - რეიტინგს უახლოვდება.
ეს ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ქვეყანაში მეორე საპარლამენტო არჩევნები იქნება, რომლის დანიშვნაც მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მმართველმა პარტიამ და მისმა მთავარმა კონკურენტმა პარტიამ - „ლურჯი და თეთრი“ - აპრილის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ისრაელის 120 წევრიან პარლამენტში მხოლოდ 35-35 ადგილის მოპოვება შეძლეს, ნეთანიაჰუმ კი საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად კოალიციის შექმნა ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 120-ადგილიან ქნესეთში 61 მანდატის მოპოვებაა საჭირო.